ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლებას განსახორციელებელ რეფორმებს ახსენებს

ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლებას განსახორციელებელ რეფორმებს ახსენებს

თვითმმართველობის რეფორმასთან ერთად, ამ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე პროკურატურისა და შსს-ს რეფორმა ადევს ვალად, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ჯერ კიდევ 2010 წლის დასაწყისში წარადგინეს შსს-ს რეფორმისა და პოლიციის დეპოლიტიზირების აუცილებელი ხედვები.

"თვითმმართველობის რეფორმასთან ერთად ამ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე პროკურატურისა და შსს-ს რეფორმა ადევს ვალად, ზუსტად ეს პრინციპები დაედო საფუძვლად საერთო კოალიციურ ხედვას. "თავისუფალი დემოკრატების" ხედვით, აუცილებელია შსს-ს სრული რეორგანიზაცია დამოუკიდებელი პოლციისა და უშიშროების სამსახურების შექმნა, რომელზეც სამოქალაქო და საზოგადოებრივი ზედამხედეველობის მკაფიო მექანიზმები და მკაცრი მექანიზმები იქნება. ამის გარეშე შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. მართალია კონსტიტუციის მოთხოვნის მიხედვით პროკურატურა შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და მისი საქმიანობის ზედამხედველობას უზრუნველყოფს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ პროკურატურის შესახებ კანონი იმგვარად არ აკონკრეტებს უწყების მუშაობას, რომ მასზე სამინისტროს ზედამხედეველობა ზოგადად არ დარჩეს და ეს იყოს ეფექტიანი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, კოალიცია "ქართული ოცნების", ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

"თავისუფალი დემოკრატები", როგორც აღნიშნული კოალიციის წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი ძალა, სრულად ვგრძნობთ პასუხსიმგებლობას საზოგადოების წინაშე ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ამავდროულად გვესმის, რომ სამართლიანობის სახელით განხორციელებული მოქმედება საზოგადოებისთვის სამართლიანი და სანდო უნდა იყოს. დღეისათვის ზუსტად ეს რეფორმები წარმოადგენს მთავარ საკითხს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებში", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტის მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურები მოიწონა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში არასამთავრობოების და პოლიტიკური პარიტიების ჩართულობამ, არჩეული კანდიდატისადმი ნდობა უფრო გაზარდა.

"თავისუფალი დემოკრატებისთვის" ამოსავალი წერტილი ქვეყნის განვითარებაა. მიუხედავად არსებული ხელისუფლების მიმართ უნდობლობისა, ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ საქართველოს მთავრობას, იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვაში, როგორც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.