გოგი თოფაძე პრეზიდენტს მედიასთან შუამდგომლობას სთხოვს

გოგი თოფაძე პრეზიდენტს მედიასთან შუამდგომლობას სთხოვს

ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე პრეზიდენტს მედიასთან შუამდგომლობას სთხოვს.

თოფაძე მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მისი კრიტიკის უფლება არ გვაქვს და მედია მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს.

"რა თქმა უნდა, იქნებოდა რაღაც მცირე დარღვევები, მაგრამ ის რაც ამ გუნდმა ჩაატარა, ნამდვილად შესაფასებელია დადებითად. ჩვენი ოპონენტების მიერ მოყვანილი ციფრები ძალიან ხშირად არ შეესაბამება რეალობას. ბიზნესი ვითარდება, არავინ აყაჩაღებს, სამუშაო ადგილები გაიზარდა, განსაკუთრებით კერძო სექტორში. ყველანაირი ხელშეწყობა აქვს დღეს ბიზნესს", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ულტრათანამედროვე საწარმო აშენდა, რომელსაც მედია "რატომღაც იგნორირებს".

თოფაძემ პრეზიდენტს სთხოვა, თუ დრო ექნება, მოიცალოს იმ ობიექტების სანახავად, რომელიც საქართველოში გაშენდა.

"თქვენ, ალბათ, გაგიხარდებათ თუ ამ ობიექტებს ნახავთ, მათი ნახვა ნებისმიერ ქართველს გაუხარდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამით არ ინტერესდება ჩვენი მედია. სამწუხაროდ, ისეთ საკითხებში აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც ირონიულ ღიმილს იწვევს", - განაცხადა თოფაძემ და მაგალითად მოიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კრიტიკა. რაც შეეხება პროკურატურის კრიტიკას, თოფაძის შეფასებით, ალბათ, დასაფიქრებელია, რომ სამართლიანობის აღდგენა დაგვიანდა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა პირობებში უწევს პროკურატურას მუშაობა.

"ასეთი ხელაღებით კრიტიკა არ შეეფერება სახელმწიფოს სტაბილიზაციას. ეს არის დესტრუქციული განცხადებები. რეალობაში ყველაფერი არის ძალიან დადებითად ამ დარგებში. აკრიტიკებენ ჯანდაცვის სამინისტროს... გავიხსენოთ, რა იყო, საავადმყოფომდე კაცი ვერ მიდიოდა. დღეს პრაქტიკულად ყველა დაზღვეულია, ამან ბიუჯეტის დიდი ნაწილი წაიღო. ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენი ყურადღება გავაჩერო ამ ჩვენი ბეჭდვითი და რამდენიმე სატელევიზიო არხის მუშაობაზე, ალბათ, საღამოობით ხშირად უყურებთ ამ გამოშვებებს და აკვირდებით, რამდენად არასწორად აშუქებენ მოვლენებს, რამდენად მიუღებელია ეს საზოგადოებისთვის. კი, საზოგადოება ხვდება, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ შეიძლება, საზოგადოება ჩავაყენოთ ამ მდგომარეობაში? არც ერთი დადებითი, რაც გააკეთა ამ ხელისუფლებამ, აქ არ შუქდება. მარტო არის უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა. თქვენ უფლებამოსილი კაცი ბრძანდებით ყველაფერში და იქნება ესაუბროთ ამათ, არ შეიძლება ასეთი განუწყვეტელი ლანძღვა იმ ხელისუფლების, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა ქვეყანა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ, რასაც, რა თქმა უნდა, ბევრი ვერ ხედავს", - განაცხადა გოგი თოფაძემ.     

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს და ზრუნავს მათზე და თუ გვინდა დავინახოთ, დავინახავთ.

"ის, თუ რამდენ სოფელში გავიყვანეთ გაზი, რამდენ სოფელში გავიდა ელექტროენერგია, რამდენი ჰესი შენდება, რა პერსპექტივა აქვს ამას ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით – ეს ყველაფერი კომპლექსში როცა განიხილება, ნამდვილად არავის აქვს უფლება, დღეს აკრიტიკოს ჩვენი ხელისუფლება. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როცა პრემიერი იყო, განაცხადა, რომ პრესაც თავისუფალია და ჩვენ არ ჩავერევით. კი ბატონო, თავისუფალია, მაგრამ რამდენად ობიექტურია, რამდენად მართალია? მე ვფიქრობ, ბატონო პრეზიდენტო, შეიძლება, თქვენ ამ საკითხით დაინტერესდეთ და თქვენი ძალიან პრინციპული პოზიცია უთხრათ ამ ჩვენი მედიის წარმომადგენლებს", - მიმართა თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს.