გიორგი მარგველაშვილი:   დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს და ეს არის მთავარი მიღწევა

გიორგი მარგველაშვილი: დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს და ეს არის მთავარი მიღწევა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშველმა პარლამენტის ტრიბუნიდან მოქალაქეებს მიმართა. როგორც მარგველაშვილმა დღეს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოების თითოეული წევრი უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიმღებად.

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხალხის ნება ძირითადად ხელისუფლების მიმართ პროტესტში ან კრიტიკაში გამოიხატებოდა. დროა, შევუდგეთ ჩვენი უფლებების პოზიტიურად გამოყენებას, სასურველი რეალობის არა მხოლოდ მოთხოვნას, არამედ მის შექმნას. საზოგადოების თითოეული წევრი უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიმღებად, სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და თავად მოვკიდოთ ხელი კეთილდღეობის და განვითარების საქმეს. ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, იბრძოლონ და იშრომონ საკუთარი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. აქტიურად უნდა ჩაერთონ პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს და ეს არის მთავარი მიღწევა.

"მსურს სწორედ ხალხს, ჩემი დღევანდელი გამოსვლის უმთავრეს ადრესატს მივმართო. რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვისაც თითოეული ჩვენგანის განვითარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკისრება, მაგრამ ეს ყველას პასუხისმგებლობაა. სწორედ მოქალაქეებმა, ძლიერმა მოქალაქეებმა შექმნეს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები, ჩვენც ეს გზა გვაქვს გასავლელი. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო ის გარემოება, რომელიც უდიდეს მიღწევად მიმაჩნია – დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს. დღეს საზოგადოებრივი აზრი ხშირად გადამწვეტია პოლიტიკურ პროცესებში და ეს არაერთხელ დადასტურებულა. ეს არის შანსი, რომ მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთნონ ქვეყნის ცხოვრებაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.