ირაკლი ღარიბაშვილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალციხელ მოსწავლეებს - ირაკლი კაპანაძეს და კარლო ხუციშვილს შეხვდა, რომლებიც 9-11 აპრილს NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა მათ წარმატება უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

"ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ასეთი ნიჭიერები და ინტერესიანები ხართ. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენი მომავლისთვის, არამედ კარგი მაგალითი და სტიმულია ყველა თქვენი თანატოლისთვის. მინდა მივულოცო თქვენს მშობლებსა და მასწავლებლებს, ეს წარმატება მათი შრომისა და ამაგის დაფასებაა. საინტერესოა, რომ თქვენი ასაკის ბავშვებმა სოფლის, გლეხების პრობლემებს მიაქციეთ ყურადღება და თქვენი ცოდნა და ნიჭი სწორედ ამ მიმართულებით წარმართეთ. თქვენი გამოგონებული "მულტიკლიმატიზატორი", რომელიც მიწის ტენიანობას, ტემპერატურასა და მოსალოდნელ ამინდს განსაზღვრავს, ფერმერებს ძალიან გაუადვილებს მუშაობას," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს და ხაზგასმით აღნიშნა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" წვლილი საქართველოში ინოვაციების, საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების და საინჟინრო განათლების პოპულარიზაციაში.

ახალციხელი მოსწავლეების პროექტი "მულტიკლიმატიზატორი" ათასწლეულის ინოვაციის შესარჩევმა კომისიამ გამარჯვებულად სცნო. პროექტი სთავაზობს ფერმერებს, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის, ასევე მოსალოდნელი ამინდის შესახებ. შექმნილია ხელსაწყო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე არაძვირადღირებული ტექნოლოგიებით. ხელსაწყოს მიერ დათვლილი ყველა მონაცემი შესაძლებელია, აიტვირთოს ინტერნეტ სერვერზე ან გამოიტანოს LCD Display-ზე. მოწყობილობას შესაძლებელია, შეუერთდეს მრავალი სენსორი.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების ინსტრუქტორი ნუგზარ კაპანაძე და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრნენ.