გამოუცხადებელი ომი კიბერ სივრცეში

გამოუცხადებელი ომი კიბერ სივრცეში

[გიდეონ რაჰმანი; Financial Times]

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალჩინოსანი დასავლელი ჩინოვნიკები უფრო მსუბუქად უცქერენ ირანის ბირთვულ პროგრამას. არა იმიტომ, რომ ირანის მიერ ბირთვული ბომბის შეძენის პერსპექტივას უცბად სიხარულით შეხვდნენ. სიტუაციას შესანიშნავად აღწერს ის სიტყვები, რომელიც ახლახანს ერთ-ერთმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა წარმოსთქვა: „ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვანგრევთ იმას, რასაც ისინი აკეთებენ.

 

ეს კომენტარი გასულ კვირას გამახსენდა, როდესაც ვკითხულობდი ინფორმაციას კომპიუტერულ ვირუსზე, რომელმაც სერიოზული პანიკა გამოიწვია, შეუტია რა მთელ რიგ ირანულ საწარმოო ობიექტებს. ირანის მთავრობა ჩივის, რომ ქვეყანა ე.წ. Stuxnet ვირუსის ფორმით „ელექტრონული თავდასხმის“ ობიექტი გახდა. ვირუსმა ისლამურ რესპუბლიკაში 30 ათასზე მეტი კომპიუტერი დააზიანა.

 

ვირუსის გავლენა ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც სჩანს კომპიუტერულ ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ისეთი რთული ვირუსი როგორიც Stuxnet-ია, მხოლოდ სახელმწიფო დონეზე შეიძლება მომზადდეს. ადრე მსგავს ვარაუდებში ისრაელი ფიგურირებდა, მაგრამ სინამდვილეში არსებობს რამდენიმე სპეც-სამსახური, რომლებსაც მოტივაციაც აქვთ და შესაძლებლობაც იმისა, რომ ირანელ მეცნიერებს ცხოვრება გაურთულონ. მაგალითად წელს აშშ-ში კიბერნეტიკული მმართველობა შეიქმნა. მის ამოცანებში შედის ამერიკული ქსელების დაცვა და საგარეო შეტევების დაგეგმვა.

 

მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნებისთვის კიბერ-ომი არის  როგორც კარგი შესაძლებლობა, ასევე უზარმაზარი საფრთხე. პრინციპული კიბერ-თავდასხმები, რომლის სამიზნეც მაგალითად ირანი გახდა, მტრის ინსდუსტრიული და სამხედრო ობიექტების განადგურების საშუალებას იძლება, მაგრამ დასავლური ქვეყნების ხელმძღვანელებშიც კი კოშმარულ განცდებს იწვევს ის, რაც მათ მშობლიურ ქვეყნებში კომპიუტერული სისტემების დაუცველობას უკავშირდება.

 

ირანზე Stuxnet-ის თავდასხმამდე კიბერ-ომის ყველაზე ცნობილი შემთხვევაა 2007 წელს ესტონეთზე განხორციელებული თავდასხმა. რუსებთან გაცხარებული დაპირისპირების დროს, ესტონელებმა აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტზე მათი ხელმისაწვდომობა სერიოზულად შეიზღუდა მასობრივი DoS-შეტევის გამო (მომსახურებაზე უარის ტიპის შეტევა). 2003 წელს ამერიკის სამთავრობო ვებ-გვერდებზე თავდასხმების სერია პენტაგონმაც დააფიქსირა. ინციდენტს ”ტიტანური წვიმა” (Titan Rain) მასზე პასუხისმგებლობა კი ჩინეთს დაეკისრა.

 

ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ესტონური, ჩინური და ირანული შემთხვევები, მონაგონია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. რიჩარდ კლარკი, რომელიც ადრე თეთრ სახლში კონტრ-ტერორისტულ მუშაობას ხელმძღვანელობდა და ცნობილია იმით, რომ ”ალ-ქაიდასთან” დაკავშირებით განგაში ჯერ კიდევ 11 სექტემბრის მოვლენებამდე ატეხა, დღეს კიბერ-ომზე შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებს. ის საუბრობს შესაძლო კოორდინირებულ შეტევაზე, რომელიც 15 წუთში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ელექტრომომარაგების ქსელს მწყობრიდან გამოიყვანს, კოდს შეუცვლის ელექტრონულ წერილებს, შეაჩერებს ავია-სადისპეჩერო სამსახურის, ბანკების და ელექტრო-გადამხდელი სისტემების მუშაობას, ასევე გამოიწვევს სარკინოგზო კატასტროფებს.

 

ასეთი საფრთხეებით შეშფოთებული სამხედრო ექსპერტები ახალი საერთაშორისო შეთანხმებების აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც კიბერ-სივრცეში საქმიანობას დაარეგულირებს. დღევანდელ სიტუაციას ადარებენ იმას, რაც ბირთვული იარაღის გამოგონების პირველ წლებში ხდებოდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ხელი მოეწერებოდა შეთანხმებებს ბირთვული შეიარაღების კონტროლზე. კიბერ-ომის საფრთხე იმდენად ახალია, რომ ჯერ-ჯერობით არც ერთი მოსაზრება არ არსებობს იმის თაობაზე, თუ რა განმარტება უნდა მიეცეს კიბერ-თავდასხმას და როგორი შეიძლება იყოს „პროპორციული პასუხი“.

 

თუმცა მსგავსი შედარება გამალებულ ბირთვულ შეიარაღებასთან, ზედმეტად დამამშვიდებელია. ბირთვული იარაღი დღემდე მხოლოდ ავტორიტეტული სახელმწიფოების ვიწრო წრეს აქვს, თანაც ის 1945 წლის შემდეგ არ გამოუყენებიათ, ხოლო კიბერ-ომში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ატრიბუტის შეძენა ნებისმიერი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, პროცესის მართვა კი საძინებლიდანაც შეიძლება.

 

მთელი შარშანდელი წელი ბრიტანული პრესა მოქალაქე გარი მაკინონის შემთხვევაზე წუხდა. მაკინონი აუტიზმის მსუბუქი ფორმითაა დაავადებული. ის ამოუცნობ ობიექტებთან დაკავშირებით პერსონალურ გამოძიებას ატარებდა და პენტაგონის კომპიუტერებში აღწევდა. როგორც სჩანს, ბრიტანელი ჟურნალისტები ერთ საერთო დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამერიკელები მაკინონის ექსტრადაციის და მისი სამართლებრივი დევნის სასტიკი მცდელობებით – ძალიან შურისმაძიებელი და იუმორისგან სრულად დაცლილი ხალხია.

 

სწორედ სამყაროს „მაკინონები“ წარმოადგენენ ამერიკული შეიარაღებული ძალების ყველაზე საშინელ კოშმარს: მათ ტანჯავთ იმის საფრთხე, რომ მთელი ეს მაღალტექნოლოგიური სისტემები მოწყვლადი აღმოჩნდება ვიღაც უცნაური ინდივიდებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოურ სადაზვერვო სამსახურებზე.

 

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნაიჯელ ინკსტერმა ახლახანს ერთი შემთხვევის შესახებ ისაუბრა, რომელმაც დასავლურ სპეც-სამსახურებს გული გაუხეთქა. (წლების განმავლობაში ინსკსტერი მაღალი რანგის ბრიტანელი აგენტი იყო). ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს Irhabi-007-ს უწოდებდა, ქსელში ანთავსებდა ”ალ-ქაიდას” ვიდეორგოლებს და ტერორისტებისთვის ინსტრუქციებს ავრცელებდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 22 წლის სტუდენტი და ის ლონდონის დასავლეთში მდებარე სახლიდან მოქმედებდა. პოლიცია მის ბინაში შეიჭრა და Irhabi-007-ს იმ დროს წაუსწრო, როდესაც ის შემაშინებელი სახელწოდების მქონე ვებ-გვერდ Youbombit-ზე მუშაობდა.

 

არის თუ არა საერთაშორისო თანამშრომლობა და მარეგულირებელი დოკუმენტაცია პასუხი კიბერ-თავდასხმებზე? ბოლო წლების განმავლობაში, კიბერ-სივრცეში საქმიანობის მარეგულირებელი ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებების აქტიურ მხარდამჭერებს  შორის რუსეთის მთავრობაა. ინიციატივას მხარი ჩინეთმაც დაუჭირა.

მათთან შედარებით, დასავლური სახელმწიფოები საკმაოდ თავშეკავებულად მოქმედებენ.

 

ეს შეიძლება რუსეთის მოტივებთან დაკავშირებულ ეჭვებზე მეტყველებდეს, ან აღნიშნული სფეროს ეფექტური რეგულირებისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე. შესაძლოა, მსგავსი ქცევა იმასაც ასახავდეს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა ამ ფრონტზე ყველაზე ძლიერია, ამ სფეროში ურთულეს კვლევებს ატარებს და კიბერ-უსაფრთხოების უძლიერესი სისტემა გააჩნია. ის ფაქტი, რომ ჩინეთის სამთავრობო სისტემებიც კი ხშირად პირატული პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობენ, მათ განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის.

 

დღეისთვის, როგორც სჩანს, დასავლური ქვეყნები კიბერ-სივრცეში ჯერ კიდევ ბატონობენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს და ჩვენ ამის შესახებ მაშინ შევიტყობთ, როდესაც ჩვენი ბანკომატები ფულის გაცემაზე უარს იტყვიან, შუქნიშნები ერთფერად აციმციმდება, ხოლო კომპიუტერები თვითნებურად გამოირთვება.

Foreignpress.ge