წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც პრივილეგირებულნი იყვნენ, მაგრამ ჩვენ დროს ასე არ იქნება

წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც პრივილეგირებულნი იყვნენ, მაგრამ ჩვენ დროს ასე არ იქნება

ჩვენ ვართ ბიზნესმეგობრული, მაგრამ არავის უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ პრივილეგირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ბოლო პერიოდში გახშირებული საგადასახადო შემოწმებებისა და ზეწოლის თაობაზე ბიზნესმენ ფადი ასლის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ვართ მაქსიმალურად მეგობრული ბიზნესისადმი. ის, რომ რამდენიმე ათასი ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა გასულ წელს და 2013-შიც, მიუთითებს იმაზე, რომ ნდობა ქვეყნის მთავრობისადმი აბსოლუტურად გაზრდილია. მიუხედავად ამ რაღაც გაუგებარი ბრალდებისა, რომლებსაც აკეთებენ პოლიტიკურად ანგაჟირიებული და სუბიექტური ადამიანები, დღეს ყველამ კარგად იცის, რა ვითარებაა ბიზნესკლიმატის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო.    "ჩვენ დროს ასეთი არაფერი მომხდარა. თუ გაქვთ რაიმე ფაქტი, წარმოადგინეთ და დაუყოვნებლივ მოვახდენთ რეაგირებას. მე მზად ვარ, ნებისმიერი კრიტიკა მივიღო. ერთი მხრივ, სახელმწიფო ვაცხადებთ, რომ ვართ ბიზნესმეგობრული, მაგრამ მეორე მხრივ, არავის უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმეს წინაშე ვინმე პრივილეგირებული იქნება. წინა ხელისუფლების დროს იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც პრივილეგირებულნი იყვნენ, მაგრამ ჩვენ დროს ასე არ იქნება. თუ რაიმე გეგმური შემოწმებაა და რაიმე დარღვევა აქვს ბიზნესს, ძალიან დიდი ბოდიში მომითხოვია, ვინც კანონს არღვევს, ვინც არ უნდა იყოს ეს, უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟურნალისტებს მიმართა, თუ რაიმე ფაქტები აქვთ, ღიად წარმოადგინონ და არა შეკვეთილი სტატიების სახით და ბიძნური კამპანიებით.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნესმენებს შენიშვნები ჰქონდათ ბიუროკრატიულ ბარიერებთან დაკავშირებით როგორც თბილისის მერიის, ისე რეგიონების და მანამდე ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებაში, თუმცა ეს გამოსწორდება.