გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს

გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე დღეს, თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დღეს, 12.00 საათზე, მოწმის სტატუსით დაიკითხება.

თარგამაძის პროკურატურაში დაბარება იმ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომლის მხრიდან, დაცული ინფორმაციის თარგამაძისთვის გადაცემის ფაქტზე დაიწყო.

პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების პოროტად გამოყენების გამო დაითხოვეს.

"მიბარებენ მისაბაძი პოლიციელის, რუსლან ბაზიაშვილის მიმართ, ივანიშვილის ბრძანებით და პრემიერ-მინისტრის მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს უფლება უარი ვთქვა დაკითხვაზე მისვლაზე, თავს ვალდებულად ვთვლი, მივიდე", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.

შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.

"შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია", - აცხადებენ შსს-ში.