გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას

საქართველოს მომავალი, როგორც დემოკრატიული ქვეყნისა, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში" გააკეთა. 

პრეზიდენტის შეფასებით, გამოწვევები ჩვეულებრივი რამ არის განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებისათვის, მაგრამ საქართველოში გამოწვევები უფრო რთული და დრამატულია. 

"დემოკრატიული განვითარება და საქართველოს შესაძლებობა, გახდეს უფრო სტაბილური, დემოკრატიული ქვეყანა, ითამაშოს ის როლი, რომელიც მან თავის თავზე რეგიონში აიღო, არის ის საკითხები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად განვიხილავთ. რეგიონში საქართველოს როლი მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის ვართ დამაკავშირებლები. ბევრი მიმართულებით ჩვენ ამ ქვეყნებს შესაძლებობას ვუქმნით დაუკავშირდნენ ევროპას და შეიქმნას ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველო ამ როლს დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა. ამავდროულად ჩვენი ქვეყნის მომავალი, როგორც დემოკრატიული ქვეყნისა, ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევა ჩვეულებრივი რამ არის განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებისათვის და საზოგადოებისთვის, გამოწვევები შეიძლება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ საქართველოში გამოწვევები არის რთული, უფრო დრამატული და უფრო მეტად განსაზღვრავს ქვეყნის და რეგიონის მომავალს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ განვავითაროთ მთავრობა, საზოგადოება, როგორც ვიპოვოთ ბალანსი თავისუფლებებს შორის და როგორ წავმართოთ ეს ყველაფერი დინამიკური პროცესით. საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს", - განაცხადა პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე. 

ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით "დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა. კონფერენცია იმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის თანამშრომლობით, ასევე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს", აშშ-ის საელჩოს და ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით. 

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, ნატო-ს წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.