„ეს ხელშეკრულება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი მაგალითია“

„ეს ხელშეკრულება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი მაგალითია“

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს გმობენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, მაიკლ ასტრუპიენსენმა (დანია, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი) რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

„რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული "ხელშეკრულების“ მსგავსად, აღნიშნული შეთანხმება არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი მაგალითი. რუსეთი, ნაცვლად ხალხთა შორის ხიდების შენებისა, მათ დაყოფას უწყობს ხელს. ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დაიგმოს“, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელი 18 მარტს მოეწერა. ე.წ. შეთანხმებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს.ე.წ. „ხელშეკრულება“  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში. ასევე, მის თანახმად,  რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს. შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით გაფორმდა.  

მსგავსი შეთანხმება რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გასული წლის ნოემბერში გააფორმა.