გერმანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას საფრანგეთის შს მინისტრი გაემგზავრა

გერმანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას საფრანგეთის შს მინისტრი გაემგზავრა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის დავალებით, გერმანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბერნარ კაზნევი გაემგზავრა.

"დეილი მირორის" ცნობით, ცხედრების გადასვენების პროცესი უკვე დაწყებულია. მათი ნაწილი სოფელ სეინ-ელს-ალპში შექმნილ დროებით პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

გერმანიის ფრენების უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 154 ადამიანი. "ბიბისის" ცნობით კი, "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის ბორტზე სულ 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, ყველა მათგანი დაიღუპა.

მომხდარს ჯერჯერობით არ ადასტურებენ თავად კომპანია "ჯერმანვინგის" წარმომადგენლები. კომპანიის ვებგვერდის მუშაობა ამ დროისათვის შეფერხებულია. ავიაკომპანია "ჯერმანვინგი" დაბალფასიან რეისებს ახორციელებს და ის კომპანია "ლუფთჰანზას" ეკუთვნის. იგი ძირითადად ევროპის ქვეყნებში ასრულებს ფრენებს.