რეგიონში არასახარბიელო პროცესების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს გააზრებულ ფისკალურ პოლიტიკას

რეგიონში არასახარბიელო პროცესების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს გააზრებულ ფისკალურ პოლიტიკას

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში არასახარბიელო პროცესები მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მდგრადი მაკროეკონომიკური და გააზრებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქორთიარდ მარიოტში", დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფა, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის წახალისება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია.

"ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვნად წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ხოლო ქართულ ბიზნესს ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს მისცემს. რეგიონში არსებული პრობლემების ფონზე, მაშინ, როდესაც ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნამ იკლო, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენებისაკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება და მისი პროდუქტიულობის გაზრდა. ამჟამად დაწყებულია სოფლად კოოპერატივების შექმნის სტიმულირების ახალი ეტაპი. ასევე, დაწყებულია და წარმატებით ხორციელდება მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ინოვაციებსა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, უმნიშვნელოვანესია ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, რაც, პირველ რიგში, სამუშაო ძალის განვითარებასა და უმუშევრობის დაძლევას გულისხმობს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა კვალიფიკაციის ამაღლებაა და უკვე ხორციელდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა. ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ასევე პრიორიტეტად გამოაცხადა ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შესაბამისი გარემოთი უზრუნველყოფას.

"მთავრობა ზრუნავს მასწავლებელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სთავაზობს მათ ახალ სისტემას, რომლის ფარგლებშიც მოხდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა. მთავრობა მხარს უჭერს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფესიების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ განათლების სისტემის აქტიური ნაბიჯები ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით გააუმჯობესებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს და ახალგაზრდობას პროფესიული რეალიზაციის ახალ პერსპექტივებს გაუჩენს. საქართველოს მთავრობის მიზანია, აგრეთვე, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე მათ უფრო აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სოციალური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინკლუზიური მონაწილეობის მიმართულებით.

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მოქალაქეებისათვის უსაფრთხო სოციალური გარემო და სოციალური სისტემა. ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებული ძალისხმევა ჩაიდება დაავადებებთან ბრძოლასა და მის კონტროლში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მოგეხსენებათ, დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს მძიმე დაავადება სერიოზულ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ ვმუშაობთ ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 5-წლიან გეგმაზე და კვლავაც თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევაფასოთ სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მდგომარეობა მათთვის მიზნობრივი და სამართლიანი დახმარების პროგრამის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება", - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილი მთავრობის ამოცანად შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვასაც ასახელებს, რათა მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იყოს გაზითა და ელექტროენერგიით.

მისივე თქმით, თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც რეგიონების განვითარებას, ისე სოფლის მეურნეობის, ქვეყნის ტრანზიტული და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას.

პრემიერის განცხადებით, საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებით.

"პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი ენერგეტიკული პროექტების განვითარება. ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ენერგოწყაროების დივერსიფიცირების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი ჰიდროელექტროსადგურებისა და ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრაცია. პარალელურად, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ საგზაო რუკაზე, რომელიც გარემოსდაცვითი პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას ემსახურება. მაგალითად გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო სატყეო სექტორის რეფორმის პროცესი, რათა შემოიღოს ტყეების დაცვის სწორი პოლიტიკა და გაზარდოს მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ეფექტიანობა", - აღნიშნა პრემიერმა.