ჩვენი სამოქმედო გეგმა ევროპულ ღირებულებებთან მიახლოებაა

ჩვენი სამოქმედო გეგმა ევროპულ ღირებულებებთან მიახლოებაა

საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია, ხოლო ჩვენი სამოქმედო გეგმა ევროპულ ღირებულებებთან მიახლოებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი საქართველოს მნიშვნელოვანი განვითარების პრიორიტეტებს უსახავს.

"ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერით ჩვენ გავაკეთეთ მკაფიო განაცხადი, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია, ხოლო ჩვენი სამოქმედო გეგმა ევროპულ ღირებულებებთან მიახლოებაა, რომლებსაც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებების დაცვა და ფუნდამენტური თავისუფლება. ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი განვითარების პრიორიტეტებს უსახავს. ეს კი გულისხმობს რეფორმების უპრეცედენტო პროგრამას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი საქმიანობა მომდევნო წლების განმავლობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანვე საქართველოს მთავრობის ძირითადად პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და კანონის უზენაესობა. ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობა განაგრძობს საჯარო მმართველობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურის რეფორმას, საჯარო ფინანსების გაუმჯობესებულ მართვას, მძლავრი ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოებას, თვითმმართველობების გაძლიერებასა და მთავრობის საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას.

"ჩვენ ველოდებით, რომ ყოველივე ამის შედეგად, საქართველო კარგად ორგანიზებულ, დემოკრატიულ და ღია საჯარო სექტორს მიიღებს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის ისტორიაში პირველად, დაამტკიცა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და აშენდეს რეალურად ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება მართლმსაჯულებისა და საკანონმდებლო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს, ისინი ემსახურება ამ უწყებების სისტემურ და სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების მშენებლობის, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის, დანაშაულისათვის სასჯელის გარდუვალობისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობის მიმართულებით.

"თქვენი მხარდაჭერითა და ძალისხმევით წარიმართა მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეგიონალური პოზიციების გასამყარებლად, გაღრმავდა ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირსა და ნატოსთან. ჩვენმა მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა თავისი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და ძალისხმევას არ იშურებს საამისოდ. მოგახსენებთ, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს - მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, რითაც ჩვენს მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდათ", - მიმართა ფორუმის მონაწილეებს ღარიბაშვილმა.