"გახმაურებულ საქმეებში ხარვეზები ფიქსირდება"

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ გახმაურებულ საქმეებში ხარვეზები ფიქსირდება. როგორც ჟურნალისტებს ომბუდსმენმა განუცხადა, სახალხო დამცველმა იმ ხარვეზებზე, რომელიც გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესში არსებობდა, რეკომენდაციებით შესაბამის უწყებებს მიმართა.

"ხარვეზები იყო. რამდენიმე საქმეში კითხვის ნიშნები არსებობდა. ჩვენ ამაზე არაერთი რეკომენდაცია გავუგზავნეთ შესაბამის უწყებას მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუმცა მე ვერ შევაფასებ ამ პროცესებს, როგორც პოლიტიკურს, როგორც ეს ჩანს იმ პრესრელიზში, რომელიც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მიერ გავრცელდა მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციებს, მასში საუბარია ახალაიას, გოგა ონიანის, გიგი უგულავას და კიდევ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეებში დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაც" მათ ამ თემაზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადეს- "პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულება საქართველოში".