სამხრეთ ოსეთის ანექსია ეტაპობრივად და არაოფიციალურად ხდება

სამხრეთ ოსეთის ანექსია ეტაპობრივად და არაოფიციალურად ხდება

"თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალი შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის - როდის გადაიქცევა ინტეგრაცია ანექსიად?" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი, სინიკუკა საარი. როგორც მკვლევარი სტატიაში აღნიშნავს, ყირიმი რუსეთის ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა სამეზობლოში.

"პრაქტიკულად, რთულია ბევრი განსხვავება იპოვო სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციასა და ანექსიას შორის. 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კარგი დღე იყო. საზოგადოების წინაშე ხელახლა გამოჩენიდან ორი დღის შემდეგ, მან მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თავდაპირველად მან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერ ლეონიდ თიბილოვთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმება გააფორმა. საღამოს კი იგი კრემლთან ახლოს სცენაზე გამოჩნდა, მაშინ როდესაც ყირიმის ანექსიიდან წლისთავის აღსანიშნავი მსვლელობა მოეწყო. ამ ორი ღონისძიების ჩატარების დრო, რა თქმა უნდა, არ იყო დამთხვევა", - წერს მკვლევარი, სინიკუკა საარი.

მისი თქმით, ამ დღემ ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გაიზარდა.

"მაშინ როდესაც ყირიმის ანექსია სწრაფად და ოფიციალურად მოხდა, სამხრეთ ოსეთის ანექსია ეტაპობრივად და არაოფიციალურად ხდება", - წერს სტატიაში ფინელი მკვლევარი. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ ორი რეგიონის დამოკიდებულება რუსეთზე წლების განმავლობაში ღრმავდება როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც.

"სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 90 პროცენტი - 30-40 000 მცხოვრები რუსეთის მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რუსეთის პასპორტები აქვთ. რუსეთმა სისტემატური "პასპორტიზაციის" პოლიტიკა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო, მაშინ როდესაც პუტინი პრეზიდენტად აირჩიეს. კრიტიკოსები, მაგალითად საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ ეს რუსეთის მიერ საქართველოს ამ რეგიონის მიტაცემისთვის მზადების ნაწილი იყო. პასპორტიზაციის მიზანი "თანამემამულეების" წარმოშობა იყო, რომლებზეც რუსეთი შემდეგ იტყოდა, რომ ისინი უნდა დაეცვა სამხედრო გზით", - წერია ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარის სტატიაში.

სინიკუკა საარი ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

"როგორც ცნობილია, "სახელმწიფო" ბიუჯეტის 90 პროცენტი პირდაპირ რუსეთის ფედერაციიდან ივსება. შედარებისთვის, რუსეთი უფრო მეტ სუბსიდირებას ახდენს სამხრეთ ოსეთში, ვიდრე თავის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის ან ინგუშეთის რესპუბლიკებში. სამხრეთ ოსეთში როგორც ვალუტას - რუსულ რუბლს იყენებენ".

ფინელი ანალიტიკოსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებზეც საუბრობს.

"სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ე.წ საზღვარი თითქმის სრულიად ჩაიკეტა, მას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 1500 მესაზღვრე იცავს", - ამბობს ანალიტიკოსი თავის სტატიაში.

მკვლევარი რუსეთსა და ცხინვალს შორის გასულ კვირას გაფორმებული ე.წ შეთანხმების შინაარსზეც საუბრობს. მისი თქმით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჰპირდება ჯანმრთელობის დაზღვევას, პენსიების გაზრდას. ასევე რუსეთის პასპორტების არმქონე პირებს პასპორტების გადაცემას. "ამგვარად, თუ სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრები იქნება რუსეთის მოქალაქე, ყველა სტანდარტი და სარგებელი იქნება რუსული, თანხები შევა მხოლოდ რუსეთიდან, არ იქნება საზღვარი სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის და რუსი მესაზღვრეები იდგებიან საქართველო-სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვარზე, სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილი არ გამოდის?" - წერს ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი, სინიკუკა საარი.