ამერიკული მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში გაყიდვაში გამოვა ალბომი “Occupy This Album”. ეს სტუდიური ნამუშევარი ჩაიწერა გასული წლის სექტემბერში ჩატარებული აქციის, “დაიკავე უოლ-სტრიტის” მონაწილეების მხარდასაჭერად.
ეს საპროტესტო მოძრაობა ნიუ-იორკში გაიმართა. მისმა მონაწილეებმა აშშ-ში მომქმედი მსხვილი კორპორაციების მიერ წარმოებული პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ერთ თვეში აქცია ამერიკის არაერთ მსხვილ ქალაქს მოედო. ამ ღონისძიების მხარდამჭერი მანიფესტაციები მსოფლიოს მრავალ კუთხეშიც გაიმართა.
ალბომში “Occupy This Album” არაერთი პოპულარული მუსიკოს-შემსრულებლის კომპოზიციას ვიხილავთ. უკვე ცნობილია რომ ჩანაწერში განთავსებული იქნება იოკო ონოს, დები ჰარის, “Rage Against the Machine”-ს გიტარისტი ტომ მორელოს, ჯგუფების “Devo”, “Thievery Corporation”, “Mogwai”-სა და “Ladytron”-ის მიერ სპეციალურად ამ ალბომისათვის დაწერილი სიმღერები.
საინტერესოა რომ ნიუ-იორკში ჩატარებულ საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ მომღერალი ჯოან ბაზი და დუეტი “Crosby & Nash”-ის წევრები დევიდ ქროსბი და გრემ ნეში.
ალბომის გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა ჩაირიცხება ფონდი “დაიკავე უოლ-სტრიტის” ანგარიშზე.