პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ხელმოწერით ე.წ. სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტს შეუერთდა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას – მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა მემორანდუმზე ხელმომწერ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
"მინდა დავადასტურო, რომ როგორც ყოველთვის ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საჭიროა საარჩევნო სისტემის დახვეწა და მისი საერთაშიროსო და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება. საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ამომრჩევლის ხმა იყოს თანასწორი და ყველა ხმას ჰქონდეს ერთნაირი დატვირთვა და ერთნაირი წონა. ვიზიარებ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეროვნული და რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიზიარებ, რომ უნდა უზრუნველვყოთ ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებში. ასე, რომ ყველა ეს საკითხი და პრინციპი არ არის ახალი და მე მათ ვიზიარებ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახალი საარჩევნო სისტემის კონკრეტულ მოდელზე მუშაობა გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში მსჯელობა და მუშაობა. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ამ დროისათვის კონკრეტულ ახალ სისტემაზე საუბარი ნაადრევია.