სამცხე-ჯავახეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს ტერიტორიის შესყიდვა ვანო მერაბიშვილის მამას 1 ლარად სურდა, მაგრამ ვეღარ მოასწრეს, რადგან, ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, სამხარეო სამმართველოს გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, იქ, სადაც ახლად გახსნილი შენობა მდებარეობს, წლების წინ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, ხოლო მოგვიანებით შენობა მიტოვებული იყო.
„ვანო მერაბიშვილის მამას უნდოდა ამ შენობის, ამ ტერიტორიის 1 ლარად შესყიდვა და ვეღარ მოასწრეს, იმიტომ რომ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. მათ სურდათ სასტუმროს გაკეთება. ჩვენ გავაკეთეთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რადგან ამ რეგიონში სპეცრაზმი წარმოდგნილი არ იყო. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა რეგიონის თითოეულმა მცხოვრებმა თავი უფრო მეტად დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ასზე მეტი ობიექტის რესტავრაცია განხორციელდა; გარემონტდა და შესაბამისად აღიჭურვა პრაქტიკულად ყველა სამხედრო ბაზა; სპეცრაზმელებს კი თანამედროვე შეიარაღება და ეკიპირება გადაეცათ.
„პოლიციელები და სპეცრაზმელები განსაკუთრებული ხალხია. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყვიაზე მიდიან და ჩვენს მოქალაქეებს იცავენ; სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ, წირავენ საკუთარ სიცოცხლეს და მათ სჭირდებათ დაფასება სახელმწიფოს, მთავრობის მხრიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.