საპარლამენტო უმცირესობის ამოცანაა საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა

საპარლამენტო უმცირესობის ამოცანაა საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა

საპარლამენტო უმცირესობის ამოცანაა არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია და მისი სწორად გამოყენებაა აუცილებელი. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტების, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის მოქმედებებიდან ირკვევა, რომ მათი ამოცანა არის არა შემოთავაზებული საკითხის განხილვა, არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგაშო რეჟიმში, საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის თაობაზე დებატებით რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედიასივრცის გაჯერება. ეს სამი მთავარი დასკვნა ემყარება ძალიან კონკრეტულ ფაქტებს და ეს ფაქტები სხვა ვერაფრით აიხსნება თუ არა უმცირესობის იმ სურვილით, რომელზეც ვისაუბრე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი დაასახელა.

"პარლამენტის პლენარული სხდომები მიმდინარეობდა 16-21 თებერვლის განმავლობაში. აღნიშნული საკითხი ამ კვირის განმავლობაში არავის დაუსვია. ამ საკითხის დასმა შეეძლოთ ბიუროზეც და პარლამენტის სხდომაზეც. დასრულდა თუ არა სასესიო კვირა, უმცირესობამ მიმართა პრეზიდენტს სხდომის დანიშვნის მოთხოვნით. 28 თებერვალს დანიშნული სხდომა ვერ შედგა საგანგებო რეჟიმში, თუმცა შედგა სხდომები მორიგ კვირაში, 2-7 მარტს იყო სასესიო კვირა. მაშინაც არავის დაუსვია ეს საკითხი განსახილველად. დასრულდა თუ არა პლენარული სხდომების კვირა, მეორე დღესვე დაიწყეს საუბარი რომ რიგგარეშე სხდომისთვის პრეზიდენტისთვის უნდა მიემართათ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.