გამიგია და წამიკითხავს, რომ ლობისტობა მაინცდამაინც სუფთა საქმე არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.
მისივე თქმით, როდესაც ნამდვილ სიცრუეზე აგებენ განცხადებებს და ამაში ფულს იღებენ, ეს უკვე ცალკე საკითხია კიდევ.
„ლობიზმზე ძალიან ბევრი საუბარი იყო ყველა დონეზე, ყველა მედიაში სულ თავიდან, როდესაც პირველად გასაჯაროვდა „ფარას“ მონაცემები იმის თაობაზე, თუ რამდენს უხდიდნენ და ვის უხდიდნენ. ლობიზმი მიღებული ფორმაა, თუმცა ლობიზმსაც თავისი წესები აქვს, ამაშია საქმე.
ოდნავ მაინც სიმართლესთან ახლოს ხომ უნდა იყოს ლობისტი როდესაც მუშაობს. ისიც გამიგია და წამიკითხავს, რომ ლობისტობა მაინცდამაინც სუფთა საქმე არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როდესაც ნამდვილ სიცრუეზე აგებ ყველა შენს განცხადებას, ამაში ფულის მიღება ცალკე საკითხია კიდევ. უილსონზე რა უნდა ვისაუბრო, ადამიანზე, რომელიც მოსაწვევებს ყიდდა და ა.შ. ისეთი ინფორმაციები გასაჯაროვდა, რომ იქ უკვე გასაკვირია არაფერი არ არის. მაგრამ, ზოგადად, არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთაც თუნდაც მორალური თვალსაზრისით არ შეიძლება.
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მოახლოვდა არჩევნები და როდესაც გამოჩნდა, რომ უცხოეთიდან მხარდაჭერაც კი ვერ შველის ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას იმაში, რომ რაღაცნაირადა შეატრიალონ არსებული სურათი, ვგულისხმობ საზოგადოების მხარდაჭერას და საზოგადოების პოზიციას, ამიტომ განსაკუთრებით გამწვავდა იქიდანაც არარსებული ფაქტებზე, არარსებულ სიტუაციებზე და ზოგჯერ, აშკარად ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია - „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ სოლიდური თანხა გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ, კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია.