ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, მიმდინარე წლის 26 მარტს ცნობილი ჯგუფი “Iron Maiden”-ის წევრები ახალ ალბომს გამოსცემენ.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “En Vivo!”. ის წარმოადგენს გასულ წელს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს “Estadio Nacional”-ის სტადიონზე ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს.
2011 წელს ჯგუფი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა. ამ ღონისძიების დასკვნით კონცერტს სანტიაგომ უმასპინძლა.
“ახალი ალბომისათვის გასულ წელს გამართული რომელიმე კონცერტის ჩანაწერი უნდა აგვერჩია. ჩვენი არჩევანი სანტიაგოზე შეჩერდა. დარწმუნებული ვარ რომ “Estadio Nacional”-ზე 2011 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური კონცერტი გამოგვივიდა. სამხრეთ ამერიკაში “Iron Maiden” განსაკუთრებულად უყვართ”. – განაცხადა ჯგუფის ლიდერმა სტივ ჰერსმა.
ახალი ალბომი გაყიდვაში ჩვეულებრივი CD ფორმატისა და ორი DVD დისკის სახით გამოვა. პირველ DVD-ზე უშუალოდ საკონცერტო ვიდეოჩანაწერი განთავსდება, მეორეზე კი დოკუმენტური სურათი “Behind The Beast”, რომელიც ჯგუფის ყოველდღიურობას ასახავს.