ამერიკული მუსიკალური გამოცემა “Billboard”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 აპრილს გაყიდვაში გამოვა ცნობილი გიტარისტის, ახლო წარსულში პოპულარული ჯგუფის “The Ramones” დამაარსებელი ჯონი რამონის ავტობიოგრაფია.
მოგონებების ამ კრებულს გამომცემლობა “Abrams Image” გამოსცემს. წიგნის სათაურია “მებრძოლი: ჯონი რამონის ავტობიოგრაფია”.
მუსიკოსმა საკუთარი ბიოგრაფიის ქაღალდზე გადატანა წინა საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო.
ამ ნაშრომის შესავალი ჯგუფი “The Ramones”-ის წევრმა ტომი რამონმა დაწერა, წინასიტყვაობა კი ელვის პრესლის ქალიშვილს ლიზა მარია პრესლის ეკუთვნის.
“The Ramones” ქალაქ ნიუ-იორკში 1974 წელს ჩამოყალიბდა. მისი შექმნის ინიციატორი ჯონი რამონი გახლდათ. ჯგუფი 1996 წელს დაიშალა. თავად ჯონი რამონი 2004 წელს კიბოთი გარდაიცვალა.