ცნობილი ამერიკელი როკ-მომღერლის ელის კუპერის ვაჟი დაშიელ კუპერი სახელოვანი მუსიკოსი მამის კვალს გაჰყვა. ახალგაზრდა ჯგუფი “Runaway Phoenix”-ის წამყვანი ვოკალისტია.
რამდენიმე დღის წინ ჯგუფმა სადებიუტო მინი-ალბომი ჩაწერა. ამ სტუდიერი ნამუშევრის სახელწოდებაა “The E.P” და მასში ექვსი კომპოზიციაა წარმოდგენილი.
ელის კუპერმა გადაწყვიტა, რომ ვაჟიშვილის მუსიკალურ კარიერაში საკუთარი წვლილი შეეტანა და ზემოთდასახელებული ალბომის ჩაწერაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. მომღერალმა ჯგუფის წევრებთან ერთად ჩანაწერში შესული კომპოზიცია “Tug Of War” შეასრულა. ამ სიმღერის მოსმენა ელის კუპერის შემოქმედების თაყვანისმცემლებს “Runaway Phoenix”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
ამერიკელი როკ-მომღერალი ელის კუპერი (ნამდვილი სახელი ვინსენტ დეიმონ ფურნიე) 1948 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ დეტროიტში დაიბადა.
პირველი ჯგუფი “The Spider” წინა საუკუნის 60-იან წლებში ჩამოაყალიბა. 1968 წელს მან სახელწოდება შეიცვალა და “Alice Cooper”-ად მოინათლა. ფურნიემაც ფსევდონიმად ეს სახელი აირჩია.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ თავად ელის კუპერი, გიტარისტები გლენ ბაკსტინი, მაიკლ ბრიუსი, დენის დანავეი და მედოლე ნილ სმიტი.
პირველ წარმატებას მუსიკოსებმა 1971 წელს მიაღწიეს, როდესაც გაყიდვაში მათი სინგლი “I’m Eighteen” გამოვიდა. 1973 წელს ჩაწერილმა ალბომმა “Billion Dollar Babies” ელის კუპერს და მის ჯგუფს უკვე მსოფლიო აღიარება მოუტანა.
მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელის კუპერს ოცდახუთამდე ალბომი აქვს გამოშვებული. ამათგან უკანასკნელმა “Along Came a Spider” დღის სინათლე 2008 წელს იხილა.