ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტი სასამართლოდან იუწყება, დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. პროცესზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულს სპეცოპერაციას ემსხვერპლა.