ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

როგორც წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ორ წელიწადზე მეტი სავსებით საკმარისი დროა "ქართული ოცნების" საქმიანობის შესაფასებლად.

"ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელებულია, კრიმინალი სულ უფრო და უფრო იზრდება, მართლაც შოკის მომგვრელი იყო კულტურული მემკვიდრეობისადმი სრულიად ბარბაროსული მოპყრობა. ეკონომიკის ზრდის ტემპი მცირდებოდა ადრეც, მაგრამ თქვენ გვეუბნებოდით, რომ ამაში "ნაციონალური მოძრაობაა" დამნაშავე; კრიმინალი როდესაც იზრდებოდა, გვეუბნებოდით, რომ კოჰაბიტაციაა დამნაშავე; პრემიებს და "ჯიპებს" როცა მთავრობა თავისთვის იწერდა, ამბობდით, რომ ეს არის "ნაციონალების" საბოტაჟი; დაპირების არ შესრულებაზე საუბარს "მოსყიდულ ჟურნალისტებს" მიაწერდით; სხვა პრობლემები იყო – ექსპერტები ტყუოდნენ; ლარის დაცემაზე საოცარი შეფასება მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ეს ხალხის ბრალია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ბატონი ბიძინა არის მასწავლებელიც, რეჟისორიც, მთავარი კომპეტენტური ადამიანი არის ბატონი ბიძინა. ამ გზაზე თუ ვიარეთ, ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ბატონი ბიძინა დარჩა ისევ მართალი, უბრალოდ არ გამოადგა ხალხი. ასეთი ცუდი და უმადური ხალხი აღმოჩნდა ქართველი ხალხი, არ გამოადგა ბატონ ბიძინას, თორემ ის არის ყველაფერში მართალი", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ეს ყოველივე პიროვნების კულტის აღორძინებას და სახელმწიფოს განადგურებას ნიშნავს.

"ძალიან გთხოვთ, გადავდგათ ნაბიჯები იმისკენ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ ექსპერტებს, არასამთავრობოებს. ცხადზე ცხადია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაართვა თავი იმ ამოცანებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და შემდგომი მისი ნაბიჯებიც მხოლოდ და მხოლოდ უკუსვლა იქნება. ამიტომ ეს არის მოწოდება თანამშრომლობისაკენ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.