"ცინარიძის პიროვნულ ასპექტებზე მეტად ყურადღებას ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას დავუთმობთ"

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დავით ცინარიძის მიერ უფლებამოსილების გადამეტების საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

თალაკვაძე ასევე აცხადებს, რომ მოკვლევის საგანია ის, თუ როგორ მოხვდა ვიდეო მასალა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში.

"ეს არ არის დავით ცინარიძის შემთხვევა. მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო სხვა საკითხები, იგივე ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემაც მნიშვნელოვანია. უფრო მეტ ყურადღებას ამას დავუთმობთ, ვიდრე დავით ცინარიძის გარშემო პიროვნულ ასპექტებს, რომელიც მედიისთვის ასეთი მიმზიდველი გახდა", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვიდეო გაავრცელა, სადაც ეკა ყუშიტაშვილი პატრულს შეურაცხყოფას აყენებს და დაჯარიმებისგან თავის არიდების მიზნით დავით ცინარიძეს ურეკავს. ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს რამდენჯერმე ახსენებს და აცხადებს, რომ ის მისი ოჯახის მეგობარია. მოგვიანებით მან ცინარიძესთან კავშირი უარყო და აღნიშნა, რომ ცინარიძესთან ნაცნობობით პატრული მოატყუა.