ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების მზადების პროცესი ფინალურ ეტაპზეა

ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების მზადების პროცესი ფინალურ ეტაპზეა

ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების მზადების პროცესი ფინალურ ეტაპზეა, - ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო "რესი" იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე შეთანხმებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობასთან, საგარეო საქმეთა დე ფაქტო სამინისტრომ კი ის რუსეთის საგარეო უწყებას გადაუგზავნა. ოსური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ე.წ შეთანხმებას ხელი მხარეებმა თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა მოაწერონ, რის შემდეგაც მის რატიფიცირებას რუსეთის დუმა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მოახდენენ.

როგორც ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, დოკუმენტი ორივე მხარის ეროვნულ ინტერესებში შედის და ის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია.

"შეთანხმების მომზადებისა და გაფორმების იდეა მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე გაჩნდა. ეს შეთანხმება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ წარმოშობილი საფრთხეების პასუხია. ის ასევე გულისხმობს ჩვენს ქვეყნებს შორის ინტეგრაციას და სამხედრო და უსაფრთხოების ერთობლივი სივრცის ფორმირებას" , - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.