ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული კახა ნაკანი აცხადებს, რომ ამაყია სპეცრაზმში მუშაობით. როგორც საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე ნაკანმა განაცხადა, არ ეთანხმება პროკურატურის პოზიციას, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში გამოძიებას მიემალება.
"ვამაყობ, რომ სპერაზმში ვმუშაობდი და ვამაყობ ამ ბიჭებით. მე 1996 წლიდან ვმუშაობ სპეცრაზმში. ვარ ომის მონაწილე. ჩემს კაცობაში არ მოსულა, რომ დავიმალო",- განაცხადა ნაკანმა.
მიმალვის საფრთხეს გამორიცხავენ სხვა ბრალდებულებიც. გიორგი გულბიანის განცხადებით, ის პირები, ვინც დღეს ბრალდებულის სკამზე სხედან, არიან ვაჟკაცები და ცხოვრობენ სხვა ცხოვრებით.
"ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილი ვაზაგაშვილი და მამამისი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიმალებით. ჩვენ სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობთ და არ შეგვიძლოა, ჩვენს ქვეყანას სულში ჩავაფურთხოთ. გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და რაც გვეკუთვნის, ის მოგვისაჯეთ" - მიმართა მოსამართლეს გიორგი გულბიანმა.
ბრალდებულების ადვოკატები ითხოვენ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის პატიმრობის შუამდგომლობა და დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.