ჩემს სიცოცხლეში არავისზე რეკომენდაცია არ გამიცია

ჩემს სიცოცხლეში არავისზე რეკომენდაცია არ გამიცია

ჩემს სიცოცხლეში არავისზე რეკომენდაცია არ გამიცია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილმა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამის განცხადების საპასუხოდ უთხრა.

როგორც თევდორაძემ აღნიშნა, ვაზაგაშვილების შესახებ მხოლოდ კორტებთან მომხდარი ფაქტის შემდეგ შეიტყო, ხოლო იმ პერიოდში, რომელზეც გაბუნიას მამა საუბრობს, თვედორაძის თქმით, რიგითი დეპუტატის თანამდებობა ეჭირა და რეკომენდაციით მიმართვის უფლება არც ჰქონდა.

"ჩემთან მაშინ ძალიან ბევრი განცხადება შემოდიოდა და არ მახსოვს ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ რაიმე განცხადება თუ შემოვიდა. განცხადებებზე რეაგირებას ვაკეთებდი და ვუგზავნიდი პროკურატურას. თუ იყო ასეთი განცხადება, შეიძლება მივმართე პროკურატურას, რომ გამოეძიებინათ საქმე კანონიერად. მე სხვა ტექსტის დაწერის უფლება არც მქონდა, რადგან ვიყავი რიგითი დეპუტატი. დახასიათებას როგორ დავწერდი? რა უფლება მქონდა ამისი? ჩემს სიცოცხლეში არავისზე რეკომენდაცია არ დამიწერია. რეკომენდაცია რომ დაწერო, ადამიანს უნდა იცნობდე. შეიძლება მე მივმართე პროკურატურას, მაგრამ თუ მივმართავდი, მხოლოდ საქმის გამოძიებისკენ მოვუწოდებდი. მითითების უფლება მე არ მქონდა და რეკომენდაციას არავისზე არ ვწერდი", - განაცხადა თევდორაძემ.

მისივე თქმით, იმდენი მკვლელობა ხდებოდა იმ პერიოდში, რომ არ ახსოვს, გაბუნიას მკვლელობის საქმეზე თუ ჰქონდა ინფორმაცია.

"მე ვაზაგაშვილი ვნახე და მის შესახებ შევიტყვე მხოლოდ კორტებთან მომხდარი ფაქტის შემდეგ. იური ვაზაგაშვუილი, მისი მეუღლე და ადვოკატი კორტებთან მომხდარი ფაქტის შემდეგ ჩემთან იყვნენ მოსულები", - აღნიშნა თევდორაძემ.

2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია მისი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. როგორც ლევან გაბუნიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მას იმედი ჰქონდა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა მაინც გამოიძიებდა ამ ორი ახალგაზრდის მკვლელობას, მაგრამ ამაოდ.

"2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო ჩემი შვილი. შემდეგ წლისთავზე, ჩემი შვილი, როგორც მოწმე მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. მან მაშინვე, 2002 წელს არ აგო პასუხი პაპუაშვილის მკვლელობაზე, მაგრამ 2003 წელს უკვე "ვარდების რევოლუცია" მოხდა, მთავრობა შეიცვალა და იმის შიშით, რომ ახალ მთავრობას შეიძლება გამოეძიებინა ეს საქმე, მოწმე მოიშორეს", - აღნიშნა ლევან გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბექა პაპუაშვილის მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები მკვლელობის დღესვე დააკავეს და მაშინვე გაუშვეს, ვინაიდან იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას 70 000 დოლარი გადაუხადა. ლევან გაბუნიას თქმით, მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ეს ინფორმაცია მას მისი შვილის საქმის გამომძიებლებმა მიაწოდეს. ამასთან, ლევან გაბუნიას თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის დახასიათებამ და შუამდგომლობამ და ასევე, საბურთალოს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა. ლევან გაბუნია ვარაუდობს, რომ თანხის ნაწილი, შესაძლოა, ელენე თევდორაძემაც მიიღო.