სასამართლო ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებული პირების აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

სასამართლო ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებული პირების აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

პროკურატურა დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აპირებს, რომ სასამართლოს გირაოს დაკისრების შუამდგომლობით მიმართოს.

პროკურატურამ ე.წ.კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის საქმე გახსნილად ორი დღის წინ გამოაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 11 პირი, რომელთა შორისაც 5 პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, 6 კი სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელია. აყვანილები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე;

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე;

შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი;

სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ. დაკავებულებს პროკურატურა ზურაბ ვაგაზაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და განზრახ უკანონო დაკავებას ედავება.

ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულს სპეცოპერაციას ემსხვერპლა.