ყოფილი სამართალდამცავების ადვოკატები გირაოს ან არასაპატიმრო ღონისძიებას მოითხოვენ

ყოფილი სამართალდამცავების ადვოკატები გირაოს ან არასაპატიმრო ღონისძიებას მოითხოვენ

ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სამართალდამცავების ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ან არასაპატიმრო ღონისძიებას მოითხოვენ. 

როგორც პროცესის დაწყებამდე ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა, მათი მხრიდან სასამართლოსთვის შეთავაზებული იქნება არასაპატიმრო ღონისძიება ან გირაო. რაც შეეხება გირაოს ოდენობას, ადვოკატის თქმით, ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს.

ადვოკატი იმ საფუძვლებზეც ლაპარაკობს, რის გამოც ისინი გირაოს მოითხოვენ. 

"ბრალდებულები არ აპირებენ გამოძიებას მიემალონ, შესაბამისად, ვერ ვხედავ მათი დაპატიმრების საფუძველს", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.