თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა

უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესა და  ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების  ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება აღმკვეთი ღონისძიების პროცესის დაწყებამდე, სასამართლოს დერეფანში მოხდა. 

სასამართლოს დარბაზის შესასვლელთან დაკავებულების ახლობლები იდგნენ და ელოდებოდნენ პროცესის დაწყებას. ამ დროს დარბაზთან ირაკლი კაკაბაძე მივიდა, მან პროცესის დიდ დარბაზში გადატანა მოითხოვა, რათა მასაც შესძლებოდა დასწრება. ამის შემდეგ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს მკვლელები და მკვლელების დამცველები ეძახეს. სიტუაცია სამართალდაცავებმა და მანდატურებმა განმუხტეს.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად ორი დღის წინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებული არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.