ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისში, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ აცნობა. 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათისთვის არის ჩანიშნული. ცნობილია, რომ პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს. 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, კერძოდ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად ორი დღის წინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებული არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.