ეკა ბესელია - არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება

ეკა ბესელია - არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება

არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამის, ლევან გაბუნიას გამოსვლას. 

"თქვენს მაგივრად მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო შეურაცხყოფილი, ნატკენი, როდესაც კიდევ ერთხელ ვისმენდითუმძიმეს განცხადებებს თქვენს მიერ მოწვეული ერთ-ერთი სტუმრის მიერ. არ ვიცი, მერამდენედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი. არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება და გარკვეული მორალური კატეგორიები უნდა ბოჭავდეს მედიას, არ შეიძლება ყველაფერის დაშვება და იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით. ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მან მიმართა შესაბამის სამსახურებს, რომ გაირკვეს იმ ფაქტების შესახებ, რომელზეც ლევან გაბუნია საუბრობდა. თავად ბესელია აცხადებს, რომ ამ ფაქტებზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს და გასაკვირია, როდესაც მცდელობა იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ყველაფერი დაებრალებინათ ზურაბ ვაზაგაშვილისთვის, აღნიშნული საქმეების დაკავშირება არ მოხდა.

2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია მისი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს.