სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს - ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არავინ გიშველის

სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს - ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არავინ გიშველის

ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს, ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცხადდება, თითქოს გამოძიება მიდის ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება გენერალურ პროკურატურაში არ მიდის. გამოძიება დასრულდა ზუსტად 2 წლის წინ. საქმე სასამართლოს 2013 წლის მაისში გადაეცა და დღემდე მხოლოდ 3 სხდომაა გამართული. რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. ეს არის ტყუილი – სასამართლოში არ იხილება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, სასამართლოში განიხილება ჩვენი უფლებამოსილების გადამეტების საქმე და იარაღების იქ ყოფნა-არყოფნის საქმე. ის, რომ ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს, ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი", - აღნიშნა გურამ დონაძემ. 

ამ განცხადებას "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გურამ დონაძესა და სოსო რობაქიძეს შორის კამათი მოჰყვა. "ასე რატომ ნერვიულობ, ბატონო გურამ, შენ თუ მართალი კაცი ხარ?! მართალი ხარ შენ, უნდა იჯდე უკვე ციხეში, ეს კი დაგვიანდა, მაგრამ აგისრულდება", - მიმართა სოსო რობაქიძემ გურამ დონაძეს. 

სოსო რობაქიძის თქმით, პოლიციელებს ტყვია კი არ გაუვარდათ, ყველა ბიჭის დახოცვა უნდოდათ. "ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გაუვარდათ ტყვია თურმე. მერე რა გაგივარდათ, 3-5 ბიჭის დაპატიმრება – ეგეც გაგივარდათ?! არაკაცურად ბავშვს რომ არ უშველეთ, ეგეც გაგივარდათ?! ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ და როგორ იქნება, მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე. თუ გაგივარდათ, შტერი პოლიციელები ყოფილხართ და მაგაზეც დასაჭერი ხართ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ამასთან, სოსო რობაქიძემ შესთავაზა გურამ დონიძეს, რომელიც გადაცემაში სატელეფონო ხაზით ჩაერთო, გადაცემაში მივიდეს დებატებისთვის. "ნუ გეშინია, არაფერს გიზამ, შენ რაღა უნდა გიქნა, ისედაც ნაქნარი გაქვს", - მიმართა სოსო რობაქიძემ დონაძეს, თუმცა ამ უკანასკნელმა პოლემიკაში შესვლა არ ისურვა. დონაძის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა თუ პროკურატურა ამის დამტკიცებას მოახერხებს, მზადაა პასუხისმგებლობისთვის.