ეკონომიკის სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), რომელიც შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს აერთიანებს. 

მათივე ინფორმაციით, დღეს, თბილისში დაგეგმილია საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომის გამართვა. სხდომის ფარგლებში განხილული იქნება EFTA-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების პროექტი, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის ხელშეწყობა, საექსპორტო ბაზრების და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნება, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს.