ეკონომიკური ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, მთავრობას, ეროვნულ ბანკთან ერთად საქმე ამ ვითარებამდე არ უნდა მიეყვანა და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგა.
როგორც "პირWელთან" საუბარში კალანდაძემ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუკი ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი შესაბამის ნაბიჯებს კოორდინირებულად გადადგამენ.
"ხელისუფლებას ჩვენ დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით, რომ ლარის დევალვაციის ფონზე ინფლაციის და ზოგადად ფასების ზრდის საფრთხე, რისკი ძალიან მაღალია და ამ თვალსაზრისით მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკთან ერთობლივი ღონისძიებები უნდა დაეგეგმა და განეხორციელებინა. აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე. პრაქტიკულად ეს გამოუვალი მდგომარეობაა და ეროვნული ბანკი იძულებულია მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს. სხვა ალტერნატივა პრინციპში არ არსებობს. ეს კი იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეფექტური, თუ ეროვნული ბანკის და აღმასრულებელი ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების საქმიანობა კოორდინირებული და ერთად დაგეგმილი იქნება, რომ არ მივიღოთ ის, რაც 2014 წლის ბოლოს იყო. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ლარის კურსის ვარდნის შეჩერება და იმ მოსალოდნელი ინფლაციური რისკების მინიმუმამდე შემცირებაა, რაც დღეს უკვე სახეზეა. ამის შემდეგ შეიძლება იმ ღონისძიებებზე საუბარი, რომლითაც ლარმა გამყარება უნდა დაიწყოს", - განუცხადა "პირWელს" კალანდაძემ.
რაც შეეხება 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას, ექსპერტი აცხადებს, რომ აღნიშნული მაჩვენებლის ჩაწერა ბიუჯეტის პროექტში თავიდანვე არასწორი იყო.
"შემცირება ალბათ, ორი თვის მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ დაახლოებით ეს ალბათ, 2-2.5% უნდა იყოს. დღეს არსებული ეკონომიკური ფონი და მდგომარეობა უფრო მეტი რეალური ზრდის დაფიქსირების საშუალებას არ იძლევა. რაც მთავარია, ბიუჯეტი უნდა გადაიგეგმოს და გახდეს რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ორიენტირებული, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში. თუ მხოლოდ შემოსავლების ნაწილი შემცირდა, ხარჯვითი ნაწილი კი უცვლელი დარჩება და დეფიციტი საგარეო წყაროებით დაბალანსდა, ეს რალურად არანაირ შედეგს არ მოიტანს", - განუცხადა "პირWელს" კალანდაძემ.