ეგვიპტეში ისლამისტი მებრძოლების თავდასხმებს 26 ადამიანი შეეწირა

ეგვიპტეში ისლამისტი მებრძოლების თავდასხმებს 26 ადამიანი შეეწირა

ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულზე ისლამისტი მებრძოლების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 26 ადამიანი შეეწირა, ათობით კი დაშავდა. მათ შორის უმრავლესობა სამხედროები არიან. შემთხვევა ჩრდილოეთ სინის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ელ-არიშში მოხდა. 

ისლამისტებმა ასევე იერიში მიიტანეს ქალაქებში – რაფაჰსა და შეიკ ზუვაიდშიც. ისინი რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაესხნენ თავს. პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფება "ანსარ ბეიტ ალ-მაქდის"-მა აიღო, რომელიც ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოძრაობაა. 

მომხდარი უკვე დაგმო აშშ-მა. როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, შტატები ეგვიპტის მთავრობას კვლავ მხარდაჭერას უცხადებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 
ეგვიპტეში ისლამისტი მებრძოლების თავდასხმები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც 2013 წელს პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენეს.