ავტომობილები და ავტოსერვისი 15-20 პროცენტით გაძვირდება

ავტომობილები და ავტოსერვისი 15-20 პროცენტით გაძვირდება

ლარის გაუფასურების გამო საავტომობილო ბაზარს მომხმარებელი შეუმცირა, რადგან იმპორტირებულ ავტომობილებზე ფასები გაიზარდა.

ლარის გაუფასურება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში უკვე ფსიქოლოგიურ 2-იან ნიშნულსაც გადასცდა და დღესი მდგომარეობით 2.03-ზე ფიქსირდება.

მსხვილი ავტოიმპორტიორები ძირითადად ავტომობილებს დოლარსა და ევროში ყიდულობენ. ევროსგან განსხვავებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დოლარში ნაყიდ მანქანებზეა.

ლარის ვარდნის ფონზე ავტოიმპორტიორები მომხმარებლების პასიურობაზეც საუბრობენ და მათი ნაწილი ადგილობრივი ფასების რეექსპორტით დაბალანსებასაც ცდილობს.

„კომერსანტი" რამდენიმე მსხვილ ავტოიმპორტიორს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია თუ რა მდგომარეობაა გაყიდვებში?

Iberia Business Group-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია პროდუქციას დოლარსა და ევროში ყიდულობს, რაც ფასებზე ისე აისახება როგორც კურსი შეიცვლება. - როდესაც კურსი დევალვაციას იწყებს, ეს პირველ რიგში ქმნის სამომხმარებლო პანიკას. დღეს არცერთი მომხმარებელი არ ცდილობს თანხა დახარჯოს, რადგან არ იცის ხვალ რა იქნება და არასტაბილურობის განცდა აქვს.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ავტომობილებზე ფასების ზრდა, დღეის მდგომარეობით, ისეთი სენსიტიური არ არის, როგორიც პირველადი მოხმარების პროდუქტებზეა. ჯერ-ჯერობით სტატისტიკაზე საუბარი, თუ რამდენადაა შემცირებული მომხმარებლების რაოდენობა რთულია, რადგან კომპლექსური ფაქტორების გამო ბაზარი ისედაც დაპატარავდა. ამასთან, ზოგადად ეკონომიკა არ მიდის იმ ტემპით, რა ტემპითაც სასურველია რომ ვითარდებოდეს და სწორედ ამიტომაა, რომ ახალი ავტომობილების ბაზარი საქართველოში 2014 წელს შემცირდა.

მისივე თქმით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ზოგადად ეკონომიკა დაპატარავდება და როდესაც ეკონომიკა დაპატარავდება, ავტობაზარი ძალიან სენსიტიურია, რადგან ავტომობილი ფუფუნების საგანია და შესაბამისად, ეს იქნება ცუდი მთლიანად ბაზრისთვის და ძალიან ნეგატიური მათთვის.

მოახერხებენ თუ არა, ადგილობრივი ფასების რეექსპორტით დაბალანსებას, გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ გაყიდვებს ლარის დევალვაციამდეც რეექსპორტით აბალანსებდნენ, რაც საკმაოდ დიდი მიმართულებაა მათი ჯგუფისათვის. თუმცა, დოლარის კურსის გამყარების მსოფლიო ტრენდიდან გამომდინარე, გარკვეული სირთულეები რეექსპორტის კუთხითაც არსებობს, ამიტომ სხვა ქვეყნებშიც უნდა დასტაბილურდეს დოლარის კურსი", - აცხადებს ის.

Iberia Business Group 1999 წელს შეიქმნა, რომელიც საქართველოში შემდეგი საავტომობილო ბრენდების წარმომადგენელია: Volkswagen, Audi, Skoda Auto, Kia Motors, Renault, Mitsubishi Motors, Peugeot.

„აკა-მერსედესის" კომერციული დირექტორი ლაშა ლომიძე აღნიშნავს, რომ მათი პროდუქცია არ გაძვირებულა, რადგან კომპანია პროდუქციას ევროში ყიდულობს და ევრო დოლართან მიმართებაში ნაკლებად გაუფასურდა, ვიდრე ლარი.

სწორედ აქედან გამომდინარე კი ლომიძის თქმით, პროდუქცია გაიაფებულიც კია. მისივე თქმით, მომხმარებლების რაოდენობის შემცირების კლების ტენდენცია არ იგრძნობა. მსგავსი რყევები კი დაბალ შემოსავლიან ფენებს აზარალებს და ნაკლებად ეხება მაღალ სეგმენტს.

ამასთან, ლომიძე აღნიშნავს, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, ხოლო მხოლოდ იანვრის მაგალითზე რთულია დასკვნის გაკეთება თუ რა სიტუაცია იქნება სამომავლოდ, თუმცა საგულისხმოა, რომ 2015 წლის იანვარი, 2014 წლის იანვარზე უკეთესი შედეგებით სრულდება და ზოგადად წელს კომპანია გაყიდვების 10%-ით ზრდას ვარაუდობს.

მისივე განმარტებით, ორი წელი ისეთი ზრდის ტემპი ჰქონდა კომაპნიას, რომ რთულია უკვე იგივე ტემპების მიღწევა, მითუმეტეს, რომ 2012 წელს და მის წინა წლებს, უფრო ცუდი გაყიდვები იყო.

კომპანია GT Group-ის დირექტორი ლევან გოგსაძე აღნიშნავს, რომ მძიმე ტექნიკას ლარის გაუფასურება შედარებით ნაკლებად შეეხო, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც სერიოზულ გავლენას იქონიებს მათზე, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს და ნებისმიერი ბიზნესისთვის ავტომობილის შეძენა რთული გახდება.

გოგსაძის თქმით, პირველი რაზეც გავლენა იქონია ისაა, რომ გაძვირდა მომსახურება, ასევე ავტონაწილები და საცხებ-საპოხი საშუალებები, რაც აუცილებლად აისახება მომხმარებელზე.

მისივე განცხადებით,  კომპანია იძულებულია 1 თებერვლიდან ახალი ფასები გამოაცხადოს, რის შესაბამსადაც, კომპანიაში ყველაფერი, რასაც დოლარში ყიდულობენ - ავტომობილებიც და ნაწილებიც, ნოემბერთან შედარებით 15-20%-ით გაძვირდება.

გაძვირების ფონზე კი გოგსაძე მომხმარებლების რაოდნეობის შემცირებასაც ვარაუდობს, რადგან მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობა მცირდება. მსგავსი რყევები ყველა ბიზნესს უქმნის საფრთხეს და მათ შორის საავტომობილო ბიზნესსაც.

რეექსპორტს რაც შეეხება, მისი თქმით, ამას საფრთხე არ ექმნება.

GT Motors-ის დირექტორის თემურ უსტიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებამ ფასებზე იმოქმედა და კურსის შესაბამისად გაძვირდება. იმის გამო, რომ მოსახლეობას შემოსავალი ლარში აქვს, ავტომობილისთვის დოლარში კრედიტის აღებისაგან თავს იკავებენ. კომპანია მომხმარებლების რაოდენობის შემცირებაზეც საუბრობს.

უსტიაშვილი სერიოზულ საფრთხეებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა თუ ასე გაგრძელდება, მისი აზრით,  ყველა დამსაქმებელს ალბათ, მომუშავე პერსონალის ხელფასების გადახედვა და გაზრდა მოუწევს.

ამასთან, უსტიაშვილი აღნიშნავს, რომ მანქანები, რომელსაც კომპანია ევროში ყიდულობს, დოლარში შეძენილი ავტომობილების მსგავსად არ გაძვირებულა.

კომპანია GT Group უკვე 10 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში. დღეისათვის, ჰოლდინგი სათავეში უდგას სამ შვილობილ ორგანიზაციას შპს GT Motors, შპს "ევროპროდუქტს" და შპს GT Air-ს.

GT Group-ის საქმიანობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტსა და მომსახურებასაც მოიცავს. 2009 წლიდან, ის საერთაშორისო კონცერნის, New Holland (FIAT Group)-ის დილერია საქართველოში.

GT Motors კი საქართველოში წარმოედგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორებიცაა Ford, Land Rover და Suzuki.