Human Rights Watch - ხელისუფლებამ ნუგზარ წიკლაურსა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა ვერ შეძლო

Human Rights Watch - ხელისუფლებამ ნუგზარ წიკლაურსა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა ვერ შეძლო

ხელისუფლებამ ნუგზარ წიკლაურსა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა. ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის მსოფლიო ანგარიშში, რომელშიც სხვა თემებთან ერთად საქართველოში 2014 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეცაა საუბარი.

"მმართველმა კოალიციამ, "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მუნიციპალურ არჩევნებში ივნისსა და ივლისში. ამით მას ადგილობრივი თვითმმათველობის ორგანოების აღმასრულებელი შტოს სრული კონტროლის საშუალება მიეცა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კოალიციამ ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საუბრობდნენ ხმის მიცემის დროს გარკვეულ ტექნიკურ და პროცედურულ ხარვეზებზე, მათი განცხადებით, ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. წინასაარჩევნო პერიოდში მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლასთან დაკავშირებით იმ მიზნით, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. ეს განცხადებები ეხებოდა კანდიდატურების ფაქტიურ მოხსნასაც თორმეტზე მეტ მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრებების დაშლას. ივნისში მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ოთხ შემთხვევასთან დაკავშირებით იმ 80 საჩივრიდან, რომლებიც მათ მიიღეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ.

ძალადობრივ ინციდენტებში შედიოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ჩაშლა ოთხ ქალაქში აგრესიული ადამიანების ჯგუფების მიერ აპრილში და დაუდგენელი პირების თავდასხმა მარტში ნუგზარ წიკლაურზე - აქტიურ პარლამენტარზე "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელიც უმნიშვნელო დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზებულიც იყო მცირე ხნით. მაისში რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა ზურაბ ჭიაბერაშვილს, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ წევრს; თავზე მიღებული ტრავმების გამო ჭიაბერაშვილიც ჰოსპიტალიზებული იყო მცირე ხნით. ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა.

არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ თბილისის მერიის რამდენიმე თანამშრომელმა გააკეთა განცხადება მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რომ "ნებაყოფლობით" დაეტოვებინათ სამსახური ან მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყებოდა. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, 1-ელ აგვისტოს და 7 სექტემბერს შორის პერიოდში თბილისის მერიამ 155 თანამშრომელი დაითხოვა, მათ შორის 115 "პირადი განცხადების" საფუძველზე, რომლებიც ზეწოლის შედეგად შეიძლება ყოფილიყო დაწერილი. ჩნდება ეჭვი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იქცნენ სამიზნედ", - ნათქვამია Human Rights Watch-ის მსოფლიო ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.