მთავარი პროკურატურა Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება

მთავარი პროკურატურა Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება

მთავარი პროკურატურა Human Rights Watch-ის ანგარიშის იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილსა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას ეხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის 2014 წლის 28 მაისს, რევაზ თაბუკაშვილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო 2000 ლარი. 15 სექტემბერს, რევაზ თაბუკაშვილის ბრალდების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რა დროსაც ეს უკანასკნელი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

Human Rights Watch-ის მსოფლიო ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნუგზარ წიკლაურსა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა. დოკუმენტში ასევე საუბარია 2014 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

"მმართველმა კოალიციამ, "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მუნიციპალურ არჩევნებში ივნისსა და ივლისში. ამით მას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აღმასრულებელი შტოს სრული კონტროლის საშუალება მიეცა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კოალიციამ ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საუბრობდნენ ხმის მიცემის დროს გარკვეულ ტექნიკურ და პროცედურულ ხარვეზებზე, მათი განცხადებით, ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. წინასაარჩევნო პერიოდში მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლასთან დაკავშირებით იმ მიზნით, რომ მათ თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. ეს განცხადებები ეხებოდა კანდიდატურების ფაქტიურ მოხსნასაც თორმეტზე მეტ მუნიციპალიტეტში, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრებების დაშლას. ივნისში მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება ოთხ შემთხვევასთან დაკავშირებით იმ 80 საჩივრიდან, რომლებიც მათ მიიღეს ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ. ძალადობრივ ინციდეტებში შედიოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ჩაშლა ოთხ ქალაქში აგრესიული ადამიანების ჯგუფების მიერ აპრილში და დაუდგენელი პირების თავდასხმა მარტში ნუგზარ წიკლაურზე - აქტიურ პარლამენტარზე "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელიც უმნიშვნელო დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზებულიც იყო მცირე ხნით. მაისში რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა ზურაბ ჭიაბერაშვილს, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ წევრს; თავზე მიღებული ტრავმების გამო ჭიაბერაშვილიც ჰოსპიტალიზებული იყო მცირე ხნით. ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჯაროდ იდენტიფიცირება მოხდა", - აღნიშნულია ანგარიშში.