პრემიერის განცხადებით, თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, იმისა, რომ საქართველოს მტკიცე, მკაფიო მხარდაჭერა აქვს ნატო-სგან და მისი წევრი ქვეყნებისგან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდერ ვერშბოუსთან ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ალიანსის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატო-ს ქმედით ჩართულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტი არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უელსის სამიტზე მიღებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესრულებისკენ. იცით, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა და შესაბამისი სამინისტროები, მოწოდებული ვართ, რომ ის პაკეტი, რომელიც ჩვენ ნატო-ს უელსის სამიტზე მივიღეთ, ეფექტურად და დროულად განხორციელდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და სრული მზაობა და მობილიზება გვაქვს. მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციაში ვართ ნატო-ს ცენტრალურ ოფისთან ბრიუსელში და ზოგადად ნატო-ს წევრ ქვეყნებთან.
მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ვერშბოუს იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად მას აქვს შეტანილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრციის პროცესში და კონკრეტულად პაკეტის განხორციელებაში. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ.
შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმა, ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, შიდა და გარე სიტუაციაზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც არსებობს ზოგადად ევროპაში, მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში ასევე მიმოვიხილეთ სიტუაცია, რომელიც განვითარებულია ჩვენს ოკუპირებუილ ტერიტორიებზე. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვთანხმდებით, რომ პაკეტის დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია, განხორციელება ჩვენს საბოლოო მიზანთან, ალიანსში გაწევრიანებასთან დაგვაახლოვებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ალექსანდერ ვერშბოუს ორდღიანი ვიზიტის მთავარ მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მონიტორინგი წარმოადგენს.