2014 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მისი დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. იუბილე აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას თან ერთვოდა ოფიციალური ღონისძიებები, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, პრეზიდენტ ბუშის, მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მდივნების მილოცვები.
საქართველოში დღე, სასტუმრო „რედისონში" კორპორაციის 10 წლის იუბილე 18.00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და საქართველოს 10-წლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებს, რაც ასახულია კორპორაციის მხრიდან ორი, პირველი და მეორე კომპაქტების გამოყოფით. პირველი, 395 აშშ მილიონი დოლარის კომპაქტი, საქართველომ 2005 წელს მიიღო და ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ისახავდა მიზნად.
აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ 2013 წელს საქართველოს მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი დაუმტკიცა. საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალშია, რომელმაც მეორედ მიიღო კომპაქტი. მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით.