„რუსეთის მიმართ სანქციები ეფექტურად ხორციელდება, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ისინი უნდა გაგრძელდეს“

„რუსეთის მიმართ სანქციები ეფექტურად ხორციელდება, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ისინი უნდა გაგრძელდეს“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სანქციების ეფექტურობა მოსკოვის მიერ საკუთარ ნაბიჯებზე დაფიქრებაში გამოიხატა.

ასე გამოეხმაურა ზაქარეიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების გაგრძელებას.

„რუსეთის ქმედებები ყველასთვის მიუღებელია და სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, ეფექტურად ხორციელდება, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ სანქციების გამოყენება უნდა გაგრძელდეს. ვთვლი, რომ რუსეთი უფრო ფიქრობს თავის ნაბიჯებზე და საზოგადოებაში გარკვეულწილად იმ მოსაზრებების დიფერენცირება ხდება, რამდენად სწორია რუსული პოლიტიკა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების პროცესში საქართველოს დელეგაციამაც მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. რუსეთი ადრე თუ გვიან იძულებული გახდება როგორც საქართველოშ, ასევე უკრაინაში, მიტაცებული ტერიტორიები დააბრუნოს“, - განაცხადა სუბარმა.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც გამოეხმაურა.

„საქართველოს სახელმწიფოთაშორისი დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან. ამაზე მაღალი ფორმა სანქციების აღარ არსებობს. ჩვენ ძალიან მცირე ურთიერთობა გვაქვს სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში, ასე რომ, შეიძლება ითქვას, საქართველო ამ თვალსაზრისით ყველანაირად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს უწესებს. ჩვენ მათთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, რაც ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური და პრაგმატულია“, - განაცხადა აბაშიძემ.