ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე ლიანდაგების დაგება დასრულებულია.
მინისტრმა მთავრობის წევრებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, დარჩენილია ახალქალაქის სადგურის და გადამყვანი მოწყობილობების მონტაჟი.
„თურქული მხრიდან ასევე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გვირაბის სამშენებლო სამუშაოები. ფაქტობრივად ყველა წინაპირობა არსებობს, რომ წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ექსპლუატაციაში შევიდეს. ეს ნამდვილად სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მუშაობა კარგი ტემპებით მიმდინარეობს. გუშინ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად სატესტო მატარებელი გავატარეთ საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. მინდა ვთქვა, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ ძალიან წარმატებით იმუშავა. მომავალში ყველა წინაპირობა გვაქვს იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ პროექტი ვადებში დასრულდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.