იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სავარაუდო დანაშაულის კვალზე გადის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოძიებამ მიიღო ინფორმაციები, რომლის საფუძველზე სავარაუდოდ გავა დანაშაულის კვალზე.
ადვოკატი ამ ეტაპზე პროკურატურის ხელთ არსებული ინფორმაციების შინაარსზე არ საუბრობს. როგორც ჭკადუამ აღნიშნა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გაახმოვანებს.
ამასთან, მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში პროკურატურა კვლავ აგრძელებს მოწმეების დაკითხვას და სხვა საგამოძიებო მოქმედებებს.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.