თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ მხრივ პრობლემა აღმოფხვრილია.
"თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობდა. ეს პრობლემები ამ ეტაპზე აღმოფხვრილი და მოგვარებულია", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც კობახიძემ განაცხადა, ამჟამად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ დგას.
"ძალიან ბევრი გარემოებებია დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შესაძლოა ამის საჭიროება დადგეს, თუმცა ამ ეტაპზე მოვლენები სხვაგვარად მიმდინარეობს", - აღნიშნა კობახიძემ.
"ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, დაცვა "ძალიან აქტიურობს" და "ბიჭებს ყოველდღე" ეუბნება, რომ "უფრო დინჯად" უნდა მოიქცნენ. "პრემიერზე ვიტყვი განსაკუთრებით, რომელსაც მე დავუტოვე ჩემი თანამდებობა. მისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი – შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა და საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორითთქო. დაცვა ძალიან აქტურობს და პრინციპში, დღესაც პრობლემა მაქვს, ბიჭებს ყოველ დღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.