ვალერი კვარაცხელია:   350-მდე მედიკამენტზე ფასები მომატებულია

ვალერი კვარაცხელია: 350-მდე მედიკამენტზე ფასები მომატებულია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, დღეისთვის არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო რაიმე ღონისძიებების გატარება მოხდეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეისთვის 350-მდე მედიკამენტზე არის ფასები მომატებული. მისივე თქმით, სულ ბრუნვაში 5000-ზე მეტი მედიკამენტია. იგი აცხადებს, რომ აღნიშნული ციფრი 10%-იც კი არ არის იმ მედიკამენტებისა, რაზეც მოხდა ფასის გაძვირება.

ვალერი კვარაცხელიას თქმით, თუ დაინახავენ, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მინუსებში გადავიდა, ასეთ შემთხვევაში სამინისტრო გარკვეულ ღონისძიებას გაატარებს.

"დღეს არანაირი ნიშანი არ არის, რომ ამ ღონისძიებების გატარება საჭიროა. ფასებს ბაზარი არეგულირებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე აფთიაქში განუცხადეს, განსაკუთრებით გაძვირებულია წნევის წამლები. თბილისის რამდენიმე აფთიაქში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა ტიპის მედიკამენტს ფასი მოემატა. მაგალითად გაძვირებულია "დიპროსპანი", "სალბუტამოლი", "პანადოლი".

როგორც მომხმარებლები აცხადებენ, ბოლო დღეებში მათ მედიკამენტების შეძენა გაზრდილ ფასად უწევთ. მათივე ინფორმაციით, წამლებზე ფასმა ძირითადად 1,50 ლარიდან 2 ლარამდე მოიმატა. თუმცა, მაგალითად, მედიკამენტი "დიპროსპანი" 4 ლარით არის გაძვირებული.