"ფაქტია, რომ უკრაინელები ვაზაგაშვილის მკვლელობით არ იქნებოდნენ დაინტერესებული"

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გიორგი მოსიაშვილი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის კვალი უკრაინისკენ მიდის.

თუმცა როგორც გაგი მოსიაშვილმა "პირWელთან" საუბარში განაცხადა, მსგავს ვერსიებზე გადაჭრით საუბარი ნაადრევია. მისივე თქმით, ადვოკატებს გამოძიებასთან მუდმივი კავშირი აქვთ და მათთან ინფორმაციებს ცვლიან.

"მაგრამ ვერსიების დონეზე ნებისმიერი მსგავსი საკითხი განიხილება. შეიძლება ის პირი, ვინც ასაფეთქებელი დაამონტაჟა, ამერიკიდანაც ჩამოსულიყო. ეს ყველაფერი ვერსიებია. ცალკე აღებული მხოლოდ ამას რომ გავყვეთ, არ იქნება სწორი და მართებული. საქმე გამოძიების ეტაპზეა და ის ეფექტურად უნდა წარიმართოს. გამოძიება არ უნდა შენელდეს და ყველა კითხვას, ვერსიას, ფაქტს თუ მოვლენას თავის დროზე თავისი სახელი დაერქმევა. კვალი შესაძლოა, უკრაინაში კი არა თბილისშიც მიდიოდეს. თუმცა ფაქტია, რომ უკრაინელები ვაზაგაშვილის მკვლელობით არ იქნებოდნენ დაინტერესებული. გამოძიება ყველანაირ ვერსიას განიხილავს, რაც ობიექტური გამოძიებისკენ იქნება მიმართული", - განუცხადა "პირWელს" მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ალიას" ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მოსაკლავად საქართველოში უკრაინიდან სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები ჩამოიყვანეს. გაზეთი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სასაფლაოზე ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ მათ დაამონტაჟეს და საქართველო მომხდარიდან რამდენიმე დღეში დატოვეს.