ია მეტრეველს პროკურატურაში დაკითხავენ

ია მეტრეველს პროკურატურაში დაკითხავენ

სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე ია მეტრეველს პროკურატურაში დაკითხავენ. ია მეტრეველის თქმით, პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდებიან და ზუსტ დროს ეტყვიან თუ როდის გამოიძახებენ დაკითხვაზე.

რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს, როგორც მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის პატიმარი, რომელზეც სახალხო დამცველი გუშინ საუბრობდა, ერთი წლის წინ მასაც დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი.

"ერთი წლის წინ დამიკავშირდა ეს ბიჭი და მითხრა, რომ ჩემი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, რადგან პირადი ინტერესების გამო ბევრი ადამიანი რეკავს ჩემთან. შემდეგ როდესაც ინტენსიურად გააგრძელა რეკვა და მნიშვნელოვანი დეტალების მოყოლა, დავრწმუნდი რომ არ იტყუებოდა", - განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, ეს პირი ქუჩიდან აიყვანეს მათ, ვინც გუშინ უჩა ნანუაშვილმა დაასახელა.

"ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ირაკლი ფირცხალავა. იგი არის ბრალდებული ჩემი შვილის საქმეში, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ოპერაციაც მისი დაგეგმილია და გამოვხატავ გაოცებას, რომ ეს ადამიანი დღეს კიდევ გარეთ არის და გარდაცვლილ ბიჭებს ტელევიზიებით შეურაცხყოფას აყენებს. შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში და მოუყვნენ როგორ უნდა მომხდარიყო ჩემი მკვლელობა. მაღაზიაში უნდა შემომყოლოდა, მოეწყო ვითომდა ყაჩაღობა, შემდეგ დაედო ჩემთვის შუბლზე იარაღი და მოვეკალი", - აღნიშნა მეტრეველმა.

როგორც სახალხო დამცველმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსჯავრდებული ლ.შ. აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა, მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მოეკლა. მისი თქმით, მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს წინადადებით მიმართა, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სთხოვა.

"სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მიმართა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თნამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ დააკავეს, რის შემდგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხავალა ლ.შ-ს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დაპირდა", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ლ.შ აცხადებს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა და შეთავაზებულ თანამშრომლობას დათანხმდა.

სახალხო დამცველი არც იმას გამორიცხავს, რომ ლ.შ-მ იური ვაზაგაშვილის ტრაგედიის შემდეგ გადაწყვიტა ღიად ისაუბროს და ამასთან, სახალხო დამცველი, პროკურატურის გარდა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიმართავს, ყველა ზომა მიიღოს მსჯავრდებულის უსაფრთხოების დასაცავად.