სანდრო გირგვლიანის საქმეში, შესაძლოა, ახალი დეტალებიც გახდეს ცნობილი

სანდრო გირგვლიანის საქმეში, შესაძლოა, ახალი დეტალებიც გახდეს ცნობილი

სანდრო გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, სანდროს საქმეში ახალი დეტალები გახდეს ცნობილი. შავგულიძე განმარტავს, რომ წინა ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს ვიდეოფირი სრულად არ გაუგზავნა, რამაც გარკვეული უზუსტობები გამოიწვია. შავგულიძის თქმით, საქმის გახსნა ამ მიმართულებით შესაძლებელია. ამის შესახებ სავგულიძე „კვირის პალიტრას" ესაუბრა.

„მონაწილეობდა თუ არა ამ მკვლელობაში 4 პერსონაზე უფრო მეტი? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც წინა ხელისუფლება საგანგებოდ ჩქმალავდა. ქალბატონ ირინას მიაჩნდა, რომ „შარდენ-ბარის" სუფრის წევრებს: დათა ახალაიას, ვასილ სანოძეს, გურამ დონაძესა და თაკო სალაყაიას უშუალო კავშირი ჰქონდათ სანდროს მკვლელებთან. გამოძიება მაშინ არ დაინტერესდა, თუ რა ზარები გაკეთდა (დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენიდან უახლოეს პერიოდში) ზემოთ დასახელებულ პირთა და უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლებს შორის. ალბათ, გახსოვთ, რომ ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა დაჩეხილი ვიდეოფირი, რომელიც  ასახავდა სანდროს მანქანით გატაცებას ოქროყანის მიმართულებით. სრულად რომ გაეგზავნათ ჩანაწერი, გაირკვეოდა, მიჰყვა თუ არა უკან გატაცებული სანდროს ავტომობილს სხვა ზემოთ დასახელებულ პერსონათა კუთვნილი მანქანები. ვფიქრობ, შესაძლებელია საქმე ამ მიმართულებით გაიხსნას და ახალი დეტალებიც გახდეს ცნობილი", - განაცხადა შავგულიძემ.